ნინო ახობაძე

ნინომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, ფოტოგრაფია კი მისი ჰობია.

“2015-19 წლებში  ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის საბაკალავრო პროგრამაზე. ფერწერის ახალი შესაძლებლობები გულისხმობს  ზეთის საღებავის კლასიკური სამეტყველო ენის ახალ, თანადროულ მასალაში გადინებას და შერწყმას, ანუ  დიალოგს თანმედროვეობასთან. ჩემთვის შერეული მედიის ფერწერული ქსოვილი იდეალური ფორმატია, სადაც ფლომასტერი, ფანქარი, მელანი და ზეთი ერთიან კომპოზიციას ბადებს.  ფერისა და ფორმის ძიება უსასრულობაა; მათი საშუალებით იძერწება ახალი ფორმა, სივრცე, რეალობა, სიმულაცია თუ დენადობა. ამ მასალებსა და კომპონირების პრინციპებში არ არსებობს კანონზომიერება თუ მიზნობრიობა, თავად მასალის გამოყენების პროცესში, მის ემპირიულ ხასიათში ვცდილობ მოუხელთებელი ფორმების, ფერების, ემოციებისა და დენადობის ფიქსაციას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფერწერული ნამუშევრების გარდა, გამიტაცა თაბაშირის და მეტალის სამეტყველო ენამ, შესაძლებლობებმა. ინტუიციური დენადობა, ფერი, ფორმა, გამოსახულების ზედაპირიდან გადავიდა სივრცეში, რაც ჩემი ფერწერულ-ვიზუალური ენის განვრცობადი აღმნიშვნელებია. ორივე მათგანი ერთმანეთს ავსებს და ერთიანად ინტერაქტიულია მნახველისთვის სივრცეში. ბოლო პერიოდის ნამუშევრები კვლავ ფერწერასთან ახალი საკუმინკაციო ენის დამყარების ერთგვარი მცდელობაა, თუმცა ხაზობრივი ხელწერა ჩაანაცვლა ახალი ფორმისა და სივრცის მოდელირებამ. ჩემი  ნებისმიერი პერიოდის ნამუშევარი ემყარება ეგზისტენციალურ და ონტოლოგიურ საკითხებს: გარემოს, შიშს, სიყვარულს, ბედნიერებას, სიხარულს. სკოლაში სწავლების პერიოდში, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებამ შთამაგონა სიმარტივე, თამაში, ტრანსგრესია, როგორც არტისტული თვითგამოხატვის ძირითადი საშუალებები. განზოგადოებული  ვიზუალური გზავნილები მოუხელთებელ სიმარტივეს აღნიშნავენ, რომელსაც განაპირობებს  გაუცხოებული და დაუცველი ადამიანური შეგრძნებები ყოველდღიურობასთან მიმართებაში.”